ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲗᲐᲜ ᲒᲐᲛᲙᲚᲐᲕᲔᲑᲐᲨᲘ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში ტრენინგი ჩატარდა, რომლის ძირითადი თემა იყო - უცხოელი ტერორისტი მებრძოლები.
ტრენინგი ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მასში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი თემატური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მეოთხე მოდულის სასწავლო მიზნებს წარმოადგენდა ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ადამიანების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მოდელების შესწავლა, დერადიკალიზაციის, ჩამოშორების და რეაბილიტაციის მიდგომების გამოკვლევა, რეპატრიაციის და რეინტეგრაციის პროცესების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკების წარდგენა რეინტეგრაციის მიდგომის სტრუქტურირების მიზნით.
გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, თემის ირგვლივ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ შესაბამისი უკუკავშირი.
ტრენინგი სამი დღე გაგრძელდა, რომელიც კონტრტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტმა, უილიამ ბ. ფარელმა ჩაატარა.
ტრენინგი, პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, GCSD - ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.