ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲖᲛᲘᲡ ᲓᲐ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲔᲠᲫᲝ-ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲓᲘᲐᲚᲝᲒᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ ᲨᲔᲘᲥᲛᲜᲐ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენრის (GCSD) პროექტის ფარგლებში („ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით პირველად შეიქმნა ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმა (საბჭო). მისი მიზანია, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით დაგროვილი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციის მხარდაჭერა და ამ გზით ეფექტიანი პოლიტიკის ხელშეწყობა. საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებად განისაზღვრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და რვა თემატური არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), „ჯეოქეისი“ (Geocase), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC).
საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 23 ივნისს. შეხვედრა გააცნობითი ხასიათის იყო, სადაც GCSD - ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, შეხვედრის მონაწილეებს, გააცნო მიმდინარე პროგრამა - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ და მის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ, ქვეყნისთვის არსებული გამოწვევები და საფრთხეები მიმოიხილა. სუს - ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გიორგი საბედაშვილმა კი, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საქართველოს ახალი სტრატეგიის თაობაზე სუს - ის ხედვა წარადგინა.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. წარმოდგენილ ყველა ორგანიზაციას/სტრუქტურას საშუალება ჰქონდა დაესვა შეკითხვები და ესაუბრა იმ გამოწვევებსა და მიღებულ გაკვეთილებზე, რომლებიც თემატური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.
პროგრამას “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” 2020 წლის მარტიდან GCSD, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ძირითადი მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებაში.