en

ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ 2021 ᲬᲚᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ 2021 ᲬᲚᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

ავტორი: ბექა ფარსადანიშვილი

უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის 2021 წლის ინტეგრირებული მიმოხილვის დოკუმენტი აღწერს ხელისუფლების ხედვას გაერთიანებული სამეფოს როლზე საერთაშორისო საზოგადოებაში და 2021-2025 პერიოდის სამოქმედო გეგმას.    

ინტეგრირებული მიმოხილვა მკითხველს სთავაზობს გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის ყოვლისმომცველ არტიკულაციას. დოკუმენტი ხაზს უსვამს სამ ძირითად ეროვნულ ინტერესს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას აერთიანებს. ეს ინტერესებია: სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა და ისინი თანხვედრაშია სახელმწიფოს დემოკრატიის აღქმასთან,  ადამიანის უფლებებთან, კანონის უზენაესობასთან, თავისუფლებისა და რწმენის თავისუფლებასთან და თანასწორობის პრინციპებთან.

ინტეგრირებული მიმოხილვის დოკუმენტის დასკვნით, 2015 წელს მიღებული სტრატეგიული თავდაცვისა და უსაფრთხოების გეგმის შემდეგ გეოპოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოში შეიცვალა  და შესაბამისად, შეიცვალა გაერთიანებული სამეფოს ადგილიც საერთაშორისო საზოგადოებაში.

დოკუმენტი წარმოადგენს მთავრობის მუშაობის და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ კერძო ექსპერტებთან ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრების პროდუქტს, რომლის მიზანიც გაერთიანებული სამეფოს გლობალური როლის შესახებ ხედვის წარმოდგენაა. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგს:

•  აქცენტი ღიაობაზე, როგორც კეთილდღეობის წყაროზე.

• უფრო მყარი პოზიცია უსაფრთხოებისა და საფრთხეების მიმართ მდგრადობის საკითხებში.

• გაზრდილი ნდობა გაერთიანებული სამეფოს, როგორც გლობალური პოზიტიური ცვლილებების განმახორციელებელ აქტორის მიმართ.

• გაზრდილი ძალისხმევა, რათა შემუშავებული იქნას პრობლემის გადაჭრის მრავალმხრივი გზები ისეთი გამოწვევების მიმართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

გარდა გაერთიანებული სამეფოს სახეცვლილი საერთაშორისო როლისა დოკუმენტში იდენტიფიცირებულია სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეები, რომლებიც განხილულია ეროვნული უშიშროებისა და ტრანსნაციონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ კუთხით დოკუმენტში საუბარია ისეთ საფრთხეებზე როგორებიცაა: 1. რადიკალიზაცია და ტერორიზმი, 2. ორგანიზებული დანაშაული, 3. განიარაღების საკითხი; კონტროლი შეიარაღებასა და იარაღის უკანონო გავრცელებაზე.

• რადიკალიზაცია და ტერორიზმი - დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოსათვის ყველაზე საფრთხის შემცველი ისლამისტური ტერორიზმია, ხოლო შემდეგ ადგილებს შესაბამისად იკავებენ - ულტრა მემარჯვენე ტერორიზმი, ულტრამემარცხენე ტერორიზმი, ანარქისტული და არა-აფილირებული ტერორისტული აქტები[1].

• ორგანიზებული დანაშაული - დოკუმენტის მიხედვით, კრიმინალური ქსელების აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს და ყოველწლიურად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი 37 მილიარდი გირვანქა სტერლინგია [2].

• განიარაღების საკითხი; კონტროლი შეიარაღებასა და იარაღის უკანონო გავრცელებაზე - დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული საფრთხე დიდი ბრიტანეთისათვის რეგიონულ გამოწვევას წარმოადგენს[3].

წარდგენილ დოკუმენტში ასევე ყურადღება ეთმობა ურთიერთობების გაღრმავებას გაერთიანებული სამეფოს როგორც მოკავშირე, ასევე სხვა პარტნიორ ერთეულებთან და ხსენებულ თანამშრომლობის პროცესში გაუმჯობესებული დინამიკის შეტანას.  აღნიშნული კუთხით ინტეგრირებული მიმოხილვის დოკუმენტი წარადგენს ოთხ ურთიერთდაკავშირებულ ამოცანას:

  1. სტრატეგიული წინსვლის ხელშეწყობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დახმარებით.
  2. მონაწილეობის მიღება მომავალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში.
  3. უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის გარეთ.
  4. საფრთხეების მიმართ მდგრადობის გაზრდა როგორც საშინაო, ისე - საგარეო დონეზე.

ამრიგად, 2021 წლის ინტეგრირებული მიმოხილვის დოკუმენტი მთავრობისათვის განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის ამოცანებს 2025 წლამდე. დოკუმენტი განსაზღვრულია ნებისმიერი პოლიტიკის მწარმოებელი ერთეულისთვის ქვეყნის მასშტაბით 2021-2025 წლის პერიოდში.      

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/30VaRkH

[1] იხ. გვ. 80.

[2] იხ. გვ. 82

[3] იხ. გვ. 84

გაზიარება