CSD-ის ორგანიზებით, ოთხდღიანი სასწავლო კურსი - "ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის" ჩატარდა
სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, 2024 წლის 22-25 ივლისს, პროექტის “უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა III” ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, ოთხდღიანი სასწავლო კურსი - “ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის” ჩატარდა.
კურსზე 20 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში, აქტიურად ესწრებოდნენ თემატური ექსპერტების მიერ გამართულ ლექციებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული აქტუალური თემებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
კურსის პირველ დღეს, ლექციების სერია, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურმა ოფიცერმა, გვანცა ლოლაძემ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს ნატოს ორგანიზაციის ისტორია, ამოცანები და მიზნები გააცნო. იმავე დღეს, მონაწილეებს ლექცია წაუკითხა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, სანდრო მეგრელიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ნატოს მიერ უკრაინისათვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე. დღის ბოლოს, ონლაინ სესიის საშუალებით, ნატოს დეზინფორმაციის მიმართ მიდგომებზე კი მონაწილეებს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების პროგრამის ოფიცერი - ბეატა პატასოვა ესაუბრა.
Მეორე დღეს, მონაწილეებს, ყოფილმა დიპლომატმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, დავით ნარდაიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიღწევები გააცნო, რის შემდეგაც კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, გიორგი იაშვილმა ლექცია ნატოს მიერ კიბერუსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ წაიკითხა. Მოგვიანებით, მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოების წარმომადგენლებს, ჯეს დაქვორთს და ალექსანდრა ვისალომს, რომლის ფარგლებშიც დისკუსია აღნიშნული საელჩოების საქმიანობას და მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებსა და ინიციატივებს დაეთმო. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, სასწავლო კურსის მეორე დღეს, სტუდენტებს ჰქონდათ ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში. აღნიშნული ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ, მონაწილეებს JTEC-ის ისტორია, სტრუქტურა და მისია გააცნო. სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰქონდათ შესაძლებლობა, დაკვირვებოდნენ ცენტრში მიმდინარე სწავლების პროცესს.
კურსის მორიგ დღეს, გენერალ მაიორი, ვახტანგ კაპანძე მონაწილეებს შეხვდა და მათ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და შეიარაღებულ ძალებზე ესაუბრა. ერთ-ერთი სესია ასევე დაეთმო ნატოს სამოქმედო არეალს შორეული აღმოსავლეთის რეგიონში, რომლის შესახებაც დისკუსია პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტმა და ჩინეთმცოდნემ, შაკო ჩიხლაძემ წარმართა. დღის ბოლოს, აკადემიის ფარგლებში, გაიმართა ნეტფლიქსის მიერ გადაღებული ფილმების სერიის (“გარდამტეხი მომენტი: ბომბი და ცივი ომი”) ერთ-ერთი ეპიზოდის ჩვენება, რომელიც ეძღვნებოდა 21-ე საუკუნეში საქართველოში და უკრაინაში რუსეთის მიერ აგრესიული ომების ისტორიას.
Ნატოს აკადემიის ბოლო, მეოთხე დღე, კრიზისების მართვის შესახებ ლექციასა და კრიზისის სიმულაციას მიეძღვნა, რომელსაც სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი თინათინ აღნიაშვილი უძღვებოდა.
კურსს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა უმასპინძლა.