en

CSD-სა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

CSD-სა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 10 ნოემბერს, სტრატეგიის და განვითარების ცენტრსა (CSD) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, სასარგებლო კვლევების წარმოებისა და პროექტების განხორციელების მიზნით, მხარეები ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ პარტნიორულ მექანიზმებს შეიმუშავებენ.

აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას და კიბერსაფრთხეების მიმართ მედეგობის გაძლიერებას ერთობლივი პროექტების განხორციელების, კვლევების წარმოების, სტუდენტთა დასაქმების, ინტერდისციპლინური ცოდნის დაგროვებისა და გაზიარების გზით. აქვე, აღსანიშნავია, რომ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, CSD-იმ, BTU-სთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო  პროექტი - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ კიბერუსაფრთხოების და მასთან მომიჯნავე თემების შესახებ საინფორმაციო გარემოს ფორმირებას.

მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმომწერები ასევე გამოხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებული ძალისხმევით განახორციელონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტები, კომპეტენტურ მკლევართა ჩართულობით აწარმოონ კვლევები, ხელი შეუწყონ სტუდენტების დასაქმებასა და დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. 

მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა, CSD იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს BTU-ის სტუდენტების სტაჟირების პროგრამაში ჩართვას, რაც მოიცავს სამეცნიერო კვლევების წარმოებას, ორგანიზაციულ საქმიანობაში ჩართვასა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას.

გაზიარება