ტრენინგი ქვემო ქართლის მერიების წარმომადგენლებისთვის
1-ელ და 2 ივნისს, თბილისში, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი - „ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია და მასთან გამკლავება“ გაიმართა.
ღონისძიება განკუთვნილი იყო ქვემო ქართლის რეგიონის მერიების წარმომადგენელთათვის, ითვალისწინებდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას და მორგებული იყო მათ საჭიროებებზე.
ტრენინგზე განხილულ იქნა ძალადობრივი ექსტრემიზმის კონცეპტუალური საფუძვლები, მისი მამოძრავებელი ფაქტორები და ექსტრემისტული ნარატივების გააზრების სპეციფიკა. ასევე, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მიდგომები - ახალგაზრდების სპეციფიკა და გენდერული დინამიკა, განათლებისა და მედიის როლი, თემის ლიდერების და ოჯახების ჩართულობა ამ პროცესში. ასევე, ყურადრება გამახვილდა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის ძალისხმევის დაგეგმვაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე.
CSD-ის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგი უკვე ჩატარდა კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების მერიების წარმომადგენლებისთვისაც.
პროგრამას CSD, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.